დაგრეხილი

სხეულში სიცივე შემომიძვრა და მთელი ტანის ისტერიული ქავილი დამაწყებინა. შარდის ბუშტი გაიბერა და გასახეთქად მოემზადა, ფეხის თითები გაქრა და გამეყარა, გაშეშებული ვიდექი და ვეღარ ვიბრძოდი.
ტვინში განცდათა ომი დაიწყო. ისროდნენ, ღრიალებდნენ, ტყვიები დაწუილობდნენ. ავტობუსის მუხრუჭის ჭყრიალი, სიგნალები, ქვაფენილზე მოჯაგჯაგე მანქანის ხმები და ქარის სისინი ამ ყველაფერს უფრო მძაფრს და აუტანელს ხდიდა.
სიცივე მატულობდა და შარდის ბუშტიც უფრო და უფრო იბერებოდა. აუ როგორ მტკიოდა, როგორ მეწოდა. ცოტაღა მაკლდა და ცივ ფილაზე ცხელი აორთქლილი ყვითელი სითხე გასრიალდებოდა.
ხანგრძლივი დგომისგან ჩემი სხეულის ყველა ნაწილი თითქოს გახევდა და საბოოლოოდ სწორად დგომაც აღარ შემეძლო. კუნთები მომინდუდა, ძვლები დამიბუჯდა და ფეხები დამიწვრილდა. ოცნებებში ექსკურსიის დროს უკვე კი არ მივდიოდი, არამედ მივხოხავდი, გაყინული დამბლადაცემულივით.
ადამიანებმა გარე სამყაროდან თანდათან დაკარგეს ჩვეული სახეები და სხვა განსხვავებული თვისებები შეიძინეს. ისინი იქცნენ ხმებად, სუნთქვებად, ნაბიჯეად და კაბების შრიალად… მოულოდნელად ჩემთან ახლოს, ერთ-ერთ სკმაზე ერთი არსება დაჯდა, რომელმაც ჩემს გულში მგზნებარე ვნებები გააღვიძა. მოძრაობების და ჩაცმულობით, ახალგაზრდა გოგონა უცხოელი იყო. რაღაც სახალისო სიმღერის ღიღინით შემოიჭრა, ცარიელ ქუჩაზე ნიავივით ჩამოიქროლა, სიცივისგან გაყინულ სკამს მიუახლოვდა, წამით გაირინდა და მშვიდად დაჯდა.
რთული არჩევანი

მაგიდიდან ჭიქა გადავარდა, კალმებიც თანმიმდევრობით მიყვნენ, თაროდან წიგნები ცვიოდა, თავზე ბათქაში მეყრებოდა, ჭაღი კი ისე ქანაობდა ცირკის აკრობატს მოგაგონებდა. მანქანების სიგნალიზაციის ხმა და ძაღლების ყეფა, სიტუაციას უფრო მძაფრს ხდიდა. მალევე მივხვდი, რომ მიწისძვრა იყო. არ განვძრეულვარ, ცივად და უემოციოდ ვიჯექი. მე ხომ ამას ველოდი. ამ საათში თუ არა, უახლოეს პერიოდში ხომ მაინც უნდა მომხდარიყო. აბა როგორ? ამხელა ფრინავი ობიექტი რომ დაჯდება შენს ქალაქში, შენ სახლთან ახლოს, მიწას არ შეაქანებს? ხოდა დაჯდნენ კიდეც. ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, ვიცოდით რომ დედამიწის დასასრული მოახლოვდა, ისინი კი ჩვენს გადასარჩენად მოვიდნენ. მივყავდით იქ, სადღაც შორს, მათ სამშობლოში, ჩვენთვის უცხო პლანეტაზე. მათ ტრანსპორტში ყველანი ვეტეოდით, ოღონდ მარტო ჩვენ ადამიანები, არც ცხოველები, არც მცენარეები, არც ნივთები და საერთოდ დეტექტორის ჩარჩო შიშვლებს უნდა გაგვევლო. ჩვენი გადაადგილება, კვანტური ტელეპორტაციის გზით ხდებოდა, შეგვყრიდნენ ყველას რაღაც უზარმაზარ მანქანაში, ტკაპ და გავჩნდებოდით იქ, სადღაც შორს, სადაც დარჩენილი ცხოვრება უნდა გაგვეტარებინა. მათგან მხოლოდ საჭირო იყო, ჩვენი ყველა ნაწილაკის ზედმიწევნითი ანალიზი, ჩვენი სხეულის დემატერიალიზაცია, ნივთიერებისა და მასთან დაკავშირებული კვანტური ინფორმაციის გადაცემა და არსებების ანუ ჩვენი აღდგენა დანიშნულების წერტილში. ასევე ამბობდნენ, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, მათი მეცნიერება ჯერჯერობით უძლური იყო განეხორციელებინა უსულო საგნების ტელეპორტაცია. კიდევ ლაპარაკობდნენ რაღაც ელექტრონებზე, პოზიტრონებზე, ატომებზე, იონებზე და ათას ჩახლართულობებზე.
Read more…
ნუ იგონებ რა! ანუ ყველაფერი გაცილებით მარტივია
შეყვარებული ვარ. ანი ქვია. სახელიც კი მიყვარს. ვცდილობ გავეპრანჭო, ვცდილობ გავაოცო, ბევრ კომპლიმენტს ვეუბნები, მგონი ისიც არ უნდა იყოს გულგრილი. სიურპრიზს ვუმზადებ: ნაცნობების მეშვეობით მეხანძრეები შემპირდნენ, რომ დამეხმარებიან და სახანძრო კიბეს მათხოვებენ. მის ფანჯარაში უნდა ავიდე, ვარდების დიდი თაიგული ავუტანო. სანამ ფანჯარაზე მივუკაკუნებ მარკერით გულები დავუხატო და რომ გამოიხედება დიდ თაიგული ავღმართო მის ულამაზეს სახესა და ჩემს შორის…..
ვღადაობ რათქმაუნდა, სულ არ ვარ ეგეთი ტიპი, თან ანი მე-11 სართულზე ცხოვრობს
საჩუქრის გაკეთება კი ნამდვილად გადავწყვიტე . დიდი ხანია ვიცნობ, ბევრი საერთო რამ დაგვიგროვდა. რომ გავიცანი მალევე შემიყვარდა. არასდროს მავიწყდება სასიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტები ნაცნობობის მანძილზე, არ მავიწყდება არც ერთი ჩემი საქციელი რომელიც მოწონებია, ვცდილობ კვლავ მსგავსი რამ გავაკეთო, რომ ისევ ესიამოვნოს. სუვენირები და ნივთები რაც მე და ანის საერთო რამეს უკავშირდება ყველაფერი სათუთად მაქვს შენახული. ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი, მთელი ღამე გახსენებებში გავათენე, ავიღე A0 ზომის ქაღალდი და დავიწყე ამ ქაღალდზე მთელი მოგონებების დამაგრება: კინოს ბილეთები, რომელზეც ერთად ვიყავით, მისი ნაჩუქარი სუვენირები, საერთო ფოტოები, სიმღერის ტექსტები, რომლებიც ერთად გვიმღერია და სხვა უამრავი რამ. ძველი და მის მიერ მოწონებული ფრაზებიც კი დავიტანე, იმის აღსანიშნავად, რომ ასე დეტალებში მახსოვს ყველაფერი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დროის უმეტესი ნაწილი ვიზუალურ გაფორმებაზე დავხარჯე. დამათენდა და საჩუქარიც მზად იყო. საჩუქრის მზადების ბოლო შტრიხებს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი შეესწრო და დამცინა. ნუ, ეს ყველას დასცინის, მაგრამ ერთ დროს თვითონაც დაუხატა კორპუსსთან გოგოს თავისებური შემოქმედება.
Read more…
ხვავი არა ხახვი!
ნახევრად ჩაბნელებულ ბარში ვისხედით, ლუდს ვსვამდით და სტუდენტურ წლებს ვიხსენებდით. კათხები ერთხელაც ავწიეთ, მივაჭახუნეთ და ჩვენი შეხვედრის სადღეგრძელო შევსვით. ბესო დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, არა და სტუდენტობის პერიოდში როგორ ვმეგობრობდით. ჯგუფში ყველასგან გამორჩეული იყო, ყველაზე ჭკვიანი და განათლებული. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლიდი. სულ ახალი და გამორჩეული იდეებით შემოდიოდა ლექციებზე, დავალებებსაც უდარდელი თავდაჯერებით ასრულებდა. გვიყვარდა, ალბათ მასაც ვუყვარდით, თუმცა გარკვეულ დისტანციას მაინც ვგრძნობით. თავს ყველასგან გამორჩეულად თვლიდა, ზევიდან გვიყურებდა, მაგრამ ეს მსუბუქად იგრძნობოდა მხოლოდ, საწყენად ვერ მიიღებდი. უბრალოდ ის მეფე იყო ჩვენთან შედარებით, ჩვენ კი გოიმი ვეზირები, მაგრამ მაინც მისი მეგობრები.
ახლაც გამიკვირდა, ქუჩაში ასე თბილად რომ შემხვდა, ლუდზეც თვითონ დამპატიჟა. ცოტა რომ გავთამამდით და სასმელმაც შეგვაბრუა, ერთმანეთთან გულახდილი ლაპარაკი დავიწყეთ. მე ჩემ თავზე ვყვებოდი, რომ კარგად ვარ, ვმუშაობ, ოჯახი, მეგობრები…და აქ შემაწყვეტინა საუბარი და თვითონ დაიწყო თავის ამბების მოყოლა. უკვე კარგად იყო შეგრადუსებული. ყვებოდა, რომ ცუდი პერიოდი აქვს და რომ თიქმის ყველა ნაცნობს ჩამოშორდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ აღარავინ არის ჩემი გამგებიო – წუწუნებდა ბესო – ხალხი სადღაც ყალბ სამყაროში ცხოვრობს და წრეზე დარბის, მე კი მათ დისტანციიდან ვუმზერ და ვხვდები რომ ზედმეტად ბანალურები არიან. ვერცერთ ჩემ მეგობარს ვეღარ ვუგებ, რა ვქნა ყველა მეგოიმება და მებანძება, ამიტომ ვთვლი, რომ აღარც მეგობრები მყავს და საერთოდ რა ხდება, რა დაემართა ამ ხალხს, ყველა ერთად როგორ დასირდაო.
კიდევ დავლიეთ, გული მოვიოხეთ და დავიშალეთ.
იმ ღამეს ბესოს ნათქვამზე დიდხანს ვფიქრობდი, ნუთუ მართლა სხვაგან არის ეს ტიპი და მეც მისი გოიმ მეგობრების სიაში ხომ არ ვწერივარ? არა და მე ჩემ თავს, ალბათ როგორც ყველა, გამორჩეულად ვთვლიდი. ჩემი ფიქრებით, მოთხოვნებით, ოცნებებით და შეხედულებებით.
ფიქრებში გართულს ჩამეძინა.
დილით მესიჯი მაღვიძებს, ჩემი მეგობარი კოტე მწერდა – გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი, ღმერთი გფარავდეს, იხარე, იბედნიერე, ყველაფერი კარგი და საუკეთესო დაგბედებოდეს, ჯანმრთელობა, სიხარული, ხვავი და ბარაქა – ნაწერს მიხატული ეკლესია, ჯვრები და ნაძვის ხეები ამშვენებდა.
- აუფ! სულ გაგიჟებულა ეს ტო? ხვავი არა ხახვი! რა ტრაფარეტული ტექსტებით მილოცავს, და რა ნახატებს მიგზავნის?
Read more…
Mission Failed

ჩემთვის სტანდარტული დილა გათენდა. მაღვიძარამ გამაღვიძა, რომელიც ისეთ დროზე მაქვს დაყენებული, რომ თავისუფლად მოვასწრო აბაზანაც, საუზმეც და ჩაცმაც. ის საშინელი სიმღერა რომელიც მაღვიძარაზე მიყენია და რომელიც დაყენებამდე ძალიან მიყვარდა გავთიშე, თავი ბალიშზე დავდე, ჩემ თავს შევპირდი რომ 2 წუთში ავდგებოდი და ისევ დავიძინე. ისეთ დროს მეღვიძება, რომ ვანისკენ სირბილისას გზადაგზა ვიცმევ, იმ ვანისკენ, საიდანაც ყოველთვის ჩემი უმცროსი ძმის ტელეფონის ხმა ისმის. თამაშობს!!!! ვუკაკუნებ და ვეუბნები რომ მეჩქარება, “ახლავე” მპასუხობს ის, მე კი აშკარად გავიგე, რომ ახალი “Level”-ი ჩართო სმარტფონში, ხმაზე ვცნობ, მეც მითამაშია, თან ზუსტად იგივე ადგილას, აბაზანაში.
ჩხუბით და ოჯახის სხვა წევრების ჩარევით ვაგვარებ აბაზანის დაკავებულობის პრობლემას, საჩქაროდ ვიცმევ და სამსახურში გავრბივარ. უკან კი დედეჩემის სიტყვები მომსდევს: “როგორ აცვია, ეს რა არის, მე ვეღარ ვხვდები ალბათ ამათ მოდას”.
იგივე დილას, საპატრული პოლიციის დამწყებმა თანამშრომელმა ნოდარიმ გაიღვიძა და სამსახურში წავიდა. სულ მაინტერესებდა – საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ყოველთვის ისეთი დილა აქვთ ხოლმე როგორც “რა კარგია ცხოვრება” იდეოლოგიით გაჟღენთილ ვიდეორგოლებში? დილას დგება, ოჯახთან ერთად საუზმობს, (ოჯახში იგულისხმება სიმპატიური ცოლი და ასე 4-5 წლის ბიჭი რომლის სათამაშოებიც აუცილებლად ჩანს ვიდეორგოლის კადრში, ამ სათამაშოებში კი სახანძრო ან სამხედრო მანქანა ფიგურირებს.)
საუზმის შემდეგ სიპმატიური მეუღლე ფორმის ჩაცმაში ეხმარება და სამსახურისკენ მიმავალს, სიამაყით სავსე თვალებს აყოლებს. მოკლედ არ ვიცი ამ კონკრეტულ პოლიციელს ასეთი დილა ქონდა, თუ მასაც ჩემსავით უმცროსი ძმა უშლიდა ნერვებს აბაზანიდან, მაგრამ ისიც გაემზადა და სამსახურში წავიდა.

